ვახარებთ პეპინოს
პეპინოს სამშობლო (ბოტანიკური სახელწოდება Solanum muricatum) სავარაუდოდ პერუ ან კოლუმბიაა, საიდანაც გავრცელდა მთელ ლათინურ ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთაც კი. დღესდღეობით ის იზრდება ბოლივიაში, ეკვადორსა და ახალ ზელანდიაში.
ევროპაში პეპინო დაახლოებით 1785 წელს გამოჩნდა. პირველი ევროპელი, რომელმაც მისი მოშენება დაიწყო იყო ლუდოვიკო XVI, ასევე ინგლისური სამეფო მებაღეთა საზოგადოება კიუში ((Kew) (ლონდონში).
სამხრეთ ამერიკელი ინდიელები მას cachuma–ს უწოდებდნენ. ჩვენთან ამ მცენარის სახელწოდება გავრცელდა ესპანური პეპინოს სახით, რაც ითარგმნება, როგორც სასალათე კიტრი. ინგლისური სახელწოდებაა – melon shrub, რაც ითარგმნება, როგორც ნესვის ბუჩქი და უფრო კარგად გადმოსცემს მისი გემოს სპეციფიკას.
პეპინო წარმოადგენს ბუჩქნარს, რომელიც 1 მეტრამდე იზრდება. თავის სამშობლოში ეს არის მრავალწლოვანი ბუჩქნარი, რომელიც იზრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე. ჩვენთან იგი ხარობს, როგორც ერთწლოვანი მცენარე. მისი ყვავილები კარტოფილის ყვავილებს წააგავს, არის იასამნისფერი შეფერილობის ან თეთრი ფერის იასამნისფერი ზოლებით. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ორსქესიანია, მოსავლის გაუმჯობესებისათვის სასურველია მისი დამატებითი დამტვერვა (ძირითადად, ორანჟერეაში).
მოყვარული მებაღისათვის მნიშვნელოვანი მცენარის ნაყოფია. ფორმით პეპინოს ნაყოფი ავოკადოს წააგავს (დიდ მსხალს), არის 15 სმ ზომის, არომატული, და მოტკბო გემოსი. უფრო ხშირად, ყვითელი ფერის, კრემისფერი, მუქი იასამნისფერი ზოლებით და უკურკო. საკვებად იხმარება უმად, მოთუშული ან შემწვარი…
ნაყოფი იხმარება უმად, ხილის სალათებში (რომელშიც პეპინოსთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ წვრილად დაჭრილი ნებისმიერი, ჩვენებური სახეობის ხილიც).
მოთუშული პეპინო ხშირად გარნირის სახით გამოიყენება, შემწვარი კი მეორე თავი კერძებისათვის. ვისაც პეპინო უგემური ეჩვენება, მას შეუძლია ჩვეულებრივი სანელებლების (დარიჩინი, ანისი; ლიმონის, ბროწეულის ან მარაკუიას წვენი – ეს ორი უკანასკნელი თქვენ შეგიძლიათ თავად გაახაროთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული საიმპორტო თესლებიდან) გამოყენებით გადაახალისოთ მისი გემო. ნარჩენი ნაყოფი შეიძლება დაკონსერვდეს შინაურ პირობებში (ცალკე ან სხვა სახეობებთან ერთად – მაგ. პომიდორთან, წიწაკასთან ან ხილთან ერთად). პეპინო გარკვეულწილად პრეტენზიულია ნიადაგის მხრივ, ისევე როგორც ნებისმიერი ტროპიკული წარმოშობის ბოსტნეული (მაგ. წიწაკა, პომიდორი). უპირველეს ყოვლისა, ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაეროვანი, მაწიერი, და მუდამ ტენიანი. ექსპერიმენტული გახარების გზით დადგინდა, რომ საუკეთესო მოსავალი მოაქვს 40 ლიტრიან ჭურჭელში დარგულ (ერთ მცენარეს) პეპინოს, რომლის ნიადაგიც დაფარულია შავი ფოლგით (დაახლოებით 40–45 ნაყოფი ყოველწლიურად).
არსებითად, პეპინოს ისევე ახარებენ, როგორც პომიდორს. ვეგეტაციის პერიოდში კვირაში ერთხელ დაამატეთ სასუქი. ამ მხრივ საუკეთესოა სასუქი Harmavit (ის მებაღეობის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება). აღნიშნული სასუქი უშუალოდ ნიადაგი ან ფოთლებზე იხმარება.
პეპინო მრავლდება დაახლოებით 15 სმ სიგრძის კალმებით, რომელთა შერჩევაც თებერვალ–მარტში უნდა მოხდეს. ფესვების კარგი გადგმისათვის შეგიძლიათ ისინი ზრდის სტიმულატორით დაამუშავოთ. შემდეგ ჩაარჭეთ ის ქვიშაში ორანჟერეაში ან ბინაში. თვის განმავლობაში ისინი ფესვებს გამოიღებენ. ახალგაზრდა მცენარე ყვავილობას ფესვის გადგმიდან 3 თვეში იწყებს. პეპინოს გამრავლება თესლებითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ეს მეთოდი ნაკლებად მომგებიანია, რადგან მცენარე საკმაოდ მცირე რაოდენობის თესლს იძლევა. გარდა ამისა, აღმოცენებულ მცენარეებს ცუდი ხარისხის ნაყოფი აქვთ.
პეპინო იმავე დაავადებებისა და მავნებლებისაგან ზიანდება, რომლებიც აზიანებენ მოცემული ოჯახის სხვა სახეობებს (პომიდორი, წიწაკა). ყველაზე ხშირად ეს არის კარტოფილის ობი Phytophthora infestans. მის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ Kuprikol 50 0,6 %–იანი კონცენტრაციით, ანუ 60 გრ 10 ლიტრ წყალზე; დამცავი ვადა, რომლის განმავლობაში დამუშავებული ნაყოფი საკვებად არ გამოიყენება, 7 დღეა. ან Dithane M 45 (0,2%–იანი კონცენტრაციით, ანუ 20 გრ 10 ლიტრ წყალზე; დამცავი ვადა, რომლის განმავლობაში ნაყოფი საკვებად არ გამოიყენება, 21 დღეა).
ზამთარში პეპინო სითბოში უნდა მოათავსოთ (ორანჟერეა, ბინა და ა.შ.). ტემპერატურა 5 Cº–ზე ნაკლები არ უნდა იყოს. გაზაფხულზე მცენარეებში შეარჩიეთ კალმები დასაფესვიანებლად, ძველი მცენარეები კი გაანადგურეთ, რადგან მათი შემდგომი ზრდა არარენტაბელურია.
პეპინოს შემოთავაზებას არ ვაპირებ, რადგან ეს სახეობა ისედაც რეგულარულად იყიდება, ამიტომ ბევრი თქვენგანისათვის ეს უინტერესო იქნებოდა. გარდა ამისა, პეპინოს ფასიც მისაღებია – საშუალო ფასი მხოლოდ 1 ევროა.
««« წინა ტექსტი: კოლორადოს ხოჭო NOVODOR FC–ს წინააღმდეგ შემდეგი ტექსტი: როგორ გავთიბოთ სწორად გაზონი? »»»
კვირა 12.7.2009 14:16 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები
KPR წარმოადგენს
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!