ვაშლის ხის ტანადი თითისტარის ფორმით გაზრდა
საბაზრო ეკონომიკის შემოსვლამ უამრავი ცვლილება მოიტანა. მათგან ერთერთი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ინტენსიფიკაციაა, რომელიც მიმართულია წარმოების ეფექტურობისა და ბაზარზე ჩვენი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის გაზრდისაკენ. მებაღეობაში, საბაღო ფართობის უფრო ეფექტურად გამოყენებისაკენ სწრაფვაში, მოცემული ინტენსიფიკაცია ნიშნავდა მაღალი ბუჩქნარებიდან და ხეებიდან უფრო დაბალ მცენარეებზე გადასვლას. დაბალი ვარჯის მქონე ხეების გახარებას უდავოდ გააჩნია მეტი უპირატესობები, აადვილებს სამუშაოს და ნაყოფის ხარისხი ახალ დონეზე აჰყავს. ვაშლის ხეებში დაბალი ვარჯის მქონე ხეებია – „ტანადი თითისტარი“, „სუპერ ტანადი თითისტარი“, „მზის ღერძი“ (solar axe) და სხვა. აქედან ყველაზე პერსპექტიული და გამოყენებადი არის ხე ფორმით – „ტანადი თითისტარი“.
„ტანადი თითისტარი“ გამოსადეგია როგორც მსხვილი წარმოებისათვის, ასევე ბაღებისათვის. ხეებისა და ბუჩქნარების თანამედროვე ნარგავების უმეტესობა სწორედ ამ ფორმით იზრდება. მას ძირითადად იყენებენ მსხლისა და ვაშლის ხეებში, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ისეთ ხეხილთანაც, როგორიცაა ბალი, ქლიავი, ჟოლო, ატამი და სხვა. ვაშლის ხე „ტანადი თითისტარის“ ვარჯით იზრდება მაქსიმუმ 2,2 – 2,5 მეტრამდე. აღნიშნული სიმაღლე გულისხმობს მარტივ მოვლასა და მოსავლის აღებას. სწორი მოვლის შემთხვევაში ხილის მინიმუმ 80% პირდაპირ მიწიდან აიღება. ხშით ნარგავებს ჩვენ ვქმნით ვიწრო ინტერვალის გამოყენებით, პრაქტიკაში გამოიყენება 0,8 – 1,2 მ მანძილი რიგში ხეებს შორის, გამოყენებული მექანიზაციის მიხედვით, რიგები ერთმანეთისგან დაშორებულია 2,5 – 3,5 მეტრით. ეს ჰექტარზე 3000–3500 ხის დარგვის საშუალებას იძლევა. იმისათვის, რომ ასეთი ხშირი ნარგავის მიღება იყოს შესაძლებელი, უნდა გადაირგას ნერგები, რომლებიც იზრდებოდნენ სუსტად ან მაქსიმუმ საშუალოდ მზარდ საძირეებზე. ვაშლის ხის საძირის სტანდარტი М9–ია, არსებობს სხვა საძირეებიც, მაგ: J-TE-E, F, G, H, J-OH-A, M27, MM106. სუსტად მზარდ საძირეებთან და მათ მცირე სიღრმის/ფესვურ სისტემასთან არის დაკავშირებული საყრდენი კონსტრუქციის აგებისა და სარწყავი სისტემის მშენებლობის აუცილებლობაც. სტანდარტს წარმოადგენს აკაციის ლარტყებისგან ან ბეტონის ბოძებისგან შემდგარი კონსტრუქცია, რომლებზეც 60, 120 და 180 სმ სიმაღლეზე სამ რიგად იჭიმება ლითონის მავთული. მოცემული კონსტრუქცია განკუთვნილია საყრდენად ხეების ამობრუნების საწინააღმდეგოდ, ასევე გამოიყენება ნაყოფით დახუნძლული ტოტების ასაკრავად. ძირითადად, სარწყავად გამოიყენება წვეთობრივი მორწყვა, რომელიც ძალზე ეფექტურია, რადგან მოქმედებს უშუალოდ ფესვებზე და მისი მეშვეობით დამატებით შესაძლებელია ხეების განოყიერება. „ტანადი თითისტარის“ ძირითადი უპირატესობები შეიძლება რამოდენიმე პუნქტად ჩამოვაყალიბოთ:
- მარტივი მოვლა – მინიმალური გასხლვა კლასიკურ ფორმებთან შედარებით, მოსავლის აღება პირდაპირ მიწიდან, უფრო მარტივი და რაც მთავარია, უფრო ეფექტური დაცვა,
- მდიდარი მოსავალი – მოცემული ვარჯის ხეებიდან მოსავალი იღება – 40 – 50 ტონა ჰექტარზე, ზოგიერთი ჯიშებიდან კი უფრო მეტიც,
- ხილის მაღალი ხარისხი – იდეალური განათების პირობების გამო, რომელსაც ქმნის მოცემული ფორმა, ნაყოფი უფრო სავსე ფერისაა, უფრო მწიფე და გლუვი, შემცველი ნივთიერებების თანაფარდობა საუკეთესოა,
- სწრაფი ნაყოფიერება – სუსტად მზრდადი საძირეები და ვარჯის ჩამოყალიბების მეთოდი შედეგად იწვევს იმას, რომ ხეხილი მალე იძლევა ნაყოფს. ხშირად ხეები ნაყოფს პირველივე წელს იძლევიან. სრული ნაყოფიერება კი მე–3 და მე–4 წელს დგება.
- ფინანსური საშუალებების მაღალი ეფექტურობა და მომგებიანობა.
სარგავ მასალად ჩვენ ვიყენებთ ერთწლოვან ან ორწლოვან მცენარეებს. მათ აქვთ უბრალო ყლორტების ფორმა ან ნაადრევი ამონაყარი აქვთ. ჩვენ მათ კლასიკური მეთოდით ვრგავთ, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს ჩასარგავ სიღრმეს. დასამყნობი ადგილი დარგვის შემდეგ მიწიდან მინიმუმ 10 სმ სიმაღლეზე უნდა იყოს. ამის ნარჩუნდება საძირეს სასურველი სუსტი ზეგავლენა, და ამასთანავე ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ ჯიშის ცვალებადობის საფრთხეს.
ვარჯის გასხვლისა და ფორმირების დროს უნდა წარმოვიდგინოთ ხის საბოლოო ფორმა, რომელიც მხოლოდ ვარჯის სწორი ფორმირებისა და მოვლის პიროებებში მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ ზრდისა და ნაყოფიერების ფიზიოლოგიური პრინციპები. მიზანს 2–2,5 მეტრის სიმაღლის ხის გამოზრდა წარმოადგენს, რომლის ტანზეც მეტნაკლებად სწორი სპირალის ფორმით არის განლაგებული ვარჯის კარკასის დანარჩენი ტოტები, რომლებზეც არის განთავსებული ნაყოფის მომცემი ამონაყარი. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ კარკასის ტოტების გაბარდვა, რადგან ეს დაარღვევს ხის წონასწორობას , მის ძირითად ფორმას, რაც მასაზრდოებელი ნივთიერებების არასასურველ განაწილებას გამოიწვევს. ხე მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა ინარჩუნებდეს პირამიდის ფორმას, რომელიც მზის შუქის იდეალურ დაჭერას უზრუნველყოფს.
ძირითადი შემოჭრა ხის ტანის მიწის ზედაპირიდან 80–90 სმ სიმაღლეზე გადაჭრას გულისხმობს. თუ მორჩს უკვე აქვს ნაადრევი ამონაყარი, ჩვენ მას არ ვამოკლებთ, ტანს ვჭრით უკანასკნელი ტოტიდან 30–40 სმ–ით მაღლა, ხის სიძლიერისა და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. უახლოეს ვეგეტაციურ პერიოდში ხე ბოლო 30 სმ–ზე წარმოქმნის ახალ ტოტებს, რომლებსაც ჩვენ ზამთარში ისევე წავაჭრით, როგორც წინა წელს. ასევე ვიქცევით ყოველწლიურად, სასურველი სიმაღლის მიღებამდე. ხის მომწიფებულ ასაკში ვიყენებთ მხოლოდ გამწმენდ შემოჭრას, რომლის მეშვეობით ვაცილებთ ზედმეტ, ავადმყოფ და დაზიანებულ ტოტებს, ასევე ხელის შემშლელ ტოტებსა და ყლორტებს საძირედან. მნიშვნელოვანია, რომ ტოტები არ დამოკლდეს. ეს გამოიწვევს არასასურველ განტოტებას, ტოტების გამსხვილებას და გამანოყიერებელი ნივთიერებების შემცირებას ნაყოფის განვითარებისათვის.
დანარჩენი მოვლის პირობები იგივეა, რაც სხვა ხეებს სჭირდებათ. მნიშვნელოვანია განოყიერება, მორწყვა, დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისაგან, ასევე ხილის ხარისხიანობისათვის აუცილებელია ნაყოფის სორტირება. რაც შეეხება ჯიშებს, შეგიძლიათ ყველა ჯიშის გამოყენება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ცალკეული ჯიშების სპეციფიური მოთხოვნილებები. მაგალითად, დარგვისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა ჯიშებისადმი, რომლებიც ნაყოფს მაღალ ხეებზე იძლევა: „რუბინი“, „რუბინოლა“, „ბოჰემია“, „ბოჰემია გოლდი“ და სხვა. ისინი განიერ ვარჯს წარმოქმნიან და ტენდენცია გააჩნიათ ტოტების გაიშვიათებისაკენ. ამიტომ ამ ჯიშებთან წარმატებით გამოიყენება ადრეული საზაფხულო გასხვლა და სხვა ოპერაციები, რომლებიც მიმართულია ზრდის შენელებისა და ნაყოფიერების გაზრდისაკენ.
ციტირება კომჟიკი მ. (Komžík, M.) (2002): ვაშლის ხის გაზრდა ტანადი თითისტარის ფორმით. ჩვენი მცენარეები 1/2002. კომპლ. 3. KPR სლოვაკეთი.
««« წინა ტექსტი: მწერიჭამია მცენარეების დათესვის ინსტრუქცია შემდეგი ტექსტი: ბოლქვებისა და მცენარეების დათესვა »»»
ხუთშაბათი 16.7.2009 19:51 | დაბეჭდვა | 1 მცენარეები
KPR წარმოადგენს
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!