კოლორადოს ხოჭოს (Leptinotarsa decemlineata) განსაკუთრებული წარმოდგენა არ ჭირდება. ის ყველასათვის არის ცნობილი, როგორც კარტოფილის მავნებელი, რომლის განადგურებაც „ქიმიის„ გამოყენების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ დღესდღეობით უკვე არსებობს ბიოლოგიური პრეპარატები, რომლის დახმარებითაც შეიძლება ხოჭოს გაუვნებელყოფა.
საიდან ჩნდება კოლორადოს ხოჭო?
კოლორადოს ხოჭო ევროპაში ჩრდილოეთ ამერიკიდან შემოიყვანეს. თავდაპირველად ის კორდილიერების რეგიონში მცირე ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, სადაც იგი ძაღლყურძენისებრთა ველური მცენარეების ფოთლებით იკვებებოდა.როცა მთელ ამერიკაში დაიწყეს კარტოფილის (ბოტანიკური სახელწოდება Solanum tuberosum) მოშენება, კოლორადოს ხოჭო ძაღლყურძენისებრთა მცენარეებიდან კარტოფილზე „გადაერთო“. დღესდღეობით კარტოფილის „წყალობით“ ის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
NOVODOR FC – მესამე ათასწლეულის ტროას ცხენი?**
NOVODOR FC შეიცავს Bacillus thuringiensis ssp. Tenebroinis ბაქტერიის 2 % პროტეინს. მოცემული ბაქტერია ანადგურებს მხოლოდ ფოთლის მჭამელთა გვარის ხოჭოს მატლებს (Chrysomelidae). მოყვარულ მებაღეთა თვალსაზრისით, ეს ძირითადად ეხება ფოთლის მჭამელ ხოჭოებს (აზიანებენ დეკორატიულ ხეებსა და ბუჩქნარებს – იფანს, მურყანს, ტირიფს) და კოლორადოს ხოჭოს.
პრეპარატი აავადებს ზემოთ აღნიშნული სახეობების მატლებს. მატლები დამუშავებული ფოთლების ჭამის შემდეგ წყვეტენ საკვების მიღებას და 2–5 დღის შემდეგ იხოცებიან. პრეპარატი უვნებელია სხვა სახეობის მწერებისათვის, მის შემდეგ მცენარეზე და ნიადაგში არ რჩება მავნე ნივთიერებები. ის მოქმედებს მხოლოდ მატლებზე, ზრდასრული მწერებისათვის კი უვნებელია. ამიტომ მას მხოლოდ მატლების გასანადგურებლად იყენებენ.
პრეპარატის ეფექტურობისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მატლები ინტენსიურად მიირთმევდნენ საკვებს, ფოთლები კი კარგად უნდა იყოს დაფარული ორივე მხრიდან შესასხურებელი სითხით. ამიტომ სითხის შესხურება უნდა მოხდეს უქარო ამინდში, 15 Сº––ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. თუ დამუშავებიდან 12 საათის განმავლობაში გაწვიმდა, შესხურება უნდა გამეორდეს.
პრეპარატი იყიდება მცირე შეფუთვითაც, 100 მლ–იან პლასტიკურ ბოთლებში, და ღირს დაახლოებით 3 ევრო.
მოცემული ბაქტერიის სხვა სახეობები ანადგურებენ კომბოსტოს თეთრულას და ვაშლის ნაყოფჭამიას მატლებს (პრეპარატიBiobit FC), აგრეთვე კოღოებს (ჩვენთან გაყიდვაში არ არის)
ამ პრეპარატის ყველაზე დიდი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შესხურებით დამუშავებული მცენარეების საკვებად გამოყენება შესაძლებელია მაშინვე.
Printed from neznama adresa